საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების საერთაშორისო აღიარება

სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო აღიარება

 2024 წლის 7-13 ოქტომბერს  გერმანიის ქალაქ კიოლნში, გამოყენებით მეცნიერებათა  საერთაშორისო უნივერსიტეტში (IU  of Applied Sciences)  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2024) „ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნურ ინტელექტი.“

სამეცნიერო კონფერენცია (ISPC 2024) ორგანიზებული იყო კიოლნის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ადელფის უნვერსიტეტის (გარდენ სითი, ნიუ იორკი, აშშ) და გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) მიერ.

კონფერენციაზე წარმოდგენილ  7 თემატურ სესიაში,  მონაწილეობდა 70 მომხსენებელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  

კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებები  წარადგინეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიურმა პერსონალმაც, მათ შორის  პროფესორ ეთერ ხარაიშვილის, ასოცირებული პროფესორის ია ნაცვლიშვილის და ასისტენტ-პროფესორის თამარ ლაზარიაშვილის  მოხსენებამ „აგროსასურსათო ინდუსტრიის ციფრიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის“ დიდი ინტერესი გამოიწვია.  გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ აღნიშნული მოხსენება კონფერენციის  საუკეთესო კვლევით ნაშრომად  იქნა აღიარებული.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ციფრიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოს აგროსასურსათო ინდუსტრიის  განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. ციფრიზაცია შეფასებულია,  როგორც ინდუსტრიის   მოდერნიზაციისა და პროგრესის საფუძველი. აღსანიშნავია ავტორების მიერ განხორციელებული ბიბლიომეტრიული კვლევის ანალიზი (SLR), რომლითაც  გამოვლინდა  საკვლევი ფოკუსის შესაბამისი კვლევის ძირითადი მიმართულებები, შეფასდა  კვლევის პროცესის ევოლუციური განვითარება,  მოხდა  კვლევითი კლასტერების იდენტფიცირება ქვეყნებისა და დომინანტური პუბლიკაციების ავტორების მიხედვით,  შეფასდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციების შესახებ.  ბიბლიომეტრიული კვლევა ჩატარებულია Canva-ს, VOSviewer-ის, Datawrapper-ისა და Bibliometrix-ის პროგრამების საშუალებით, ხოლო საკვლევ ბაზად გამოყენებულია  Scopus-ისა და Web of Science-ის, ასევე,  Datareportal-ის ბაზები.

ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ციფრიზაცია  განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის აგროსასურსათო  ინდუსტრიის განვითარებაში. გაკეთებული დასკვნის საფუძველზე,  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დასახელებული ინდუსტრიის  მდგრადობის მიღწევა და მწარმოებლურობის  ამაღლება. კვლევაში მოცემულია რეკომენდაციები აგროსასურსათო ინდუსტრიაში ციფრიზაციის განვითარების შესაძლებლობებზე. 

წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სპრინგერის გამოცემაში – “Springer Proceedings in Business and Economics (SPBE)’’.

სამეცნიერო მივლინების პერიოდში ავტორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები უცხოელ მკვლევრებთან და პროფესიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

 

 

თარიღი: 18/10/2024